რუსეთის საიმპერატორო თეატრების სცენებზე ეს ბალეტი მრავალი რედაქციით იდგმებოდა, აღსანიშნავია ფიოდორ ლოპუხოვის, ალექსანდრე გორსკის, აგრიპინა ვაგანოვას, ასაფ მესერერისა და კონსტანტინე სერგეევის დადგმები.
კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში დღემდე იდგმება ”გედების ტბა” ვლადიმერ ბურმეისტერის რედაქციით. 1969 წლის 25 დეკემბერს დიდი თეატრის სცენაზე შედგა ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩისა და მხატვარ სოლომონ ვირსალაძის ვერსიის პრემიერა, (ოდეტა-ოდილია _ ნატალია ბესმერტნოვა, ზიგფრიდი _ ნიკოლოზ ფადეეჩევი).
დღეს მსოფლიოში ძნელად მოიძებნება საბალეტო დასი, სადაც ”გედების ტბა” არ იდგმებოდეს. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, კლასიკურ დადგმებთან ერთად, გვხვდება ”გედების ტბის” არატრადიციული, არაკლასიკური ვერსიები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯონ ნოიმაიერის (1976), მაც ეკის (1987), როლან პეტის (1995), მეთიუ ბერნისა (1995) და იან ფაბრის (2002) სპექტაკლები.
თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე “გედების ტბა” (მეორე მოქმედება) პირველად ო. პრეობრაჟენსკაიას ბენეფისზე შესრულდა, პეტერბურგის საიმპე-რატორო თეატრის საბალეტო დასის მიერ. ოდეტა-ოდილიას პარტიას ასრულებდა ო. პრეობრაჟენსკაია, ზიგფრიდისას – ფ. კოზლოვი. 1912 წელს ფ. ლოპუხოვის დასმა წარმოადგინა ბალეტის მეორე და მესამე მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდნენ ლ. ეგოროვა და ს. ანდრიანოვი. 1922 წლის დასასრულს მ. მორდკინმა დაიწყო ”გედების ტბის” დადგმა, რომელიც 1923 წელს მისმა მოსწავლემ მ. მოისეევმა დაასრულა. 1928 წელს ეს ბალეტი დადგა იტალიელმა ბალეტმაისტერმა რ. ბალანოტიმ.

No comments:
Post a Comment