Wednesday, May 27, 2015
გედის ბალეტის ისტორიაში ყველაზე უფრო გავრცელებულ სიმბოლოდ გახდომას რამდენიმე მიზეზი აქვს, რასაც, უპირველესად, ბალერინა-გედის მომაჯადოებელი მოძრაობა განაპირობებს – ხელების გრაციოზული მიმოხვრა, ზოგჯერ მძაფრი და მღელვარე, ხან აღფრთოვანების, ხან კი მწუხარების გამომხატველი. და არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი – პეტრე ჩაიკოვსკის გენიალური მუსიკა, რომელიც აჯადოებს მაყურებელს მისი ყოვლისმომცველი პოეზიით, რომლის გარეშეც ბალერინა – გედის სახე უფერული იქნებოდა.
მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ იქნა ეს მუსიკა შეფასებული თავდაპირველად, როცა ბალეტი მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე დაიდგა. 1877 წლის 20 თებერვლის მოსკოვურ პრემიერას წარმატება არ მოჰყოლია (ოდეტა-ოდილიას პარტიას პ. კარპაკოვა ცეკვავდა, ზიგფრიდს კი ა. გელცერი). დამდგმელმა ქორეოგრაფმა ი. რეიზენგერმა სათანადოდ ვერ გაიაზრა ჩაიკოვსკის გენიალური პარტიტურა. მაყურებლის კრიტიკის მიუხედავად, თებერვლის იმ საღამოს, ბალეტის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო – საბალეტო ჟანრმა მუსიკალურ ხელოვნებაში ისეთივე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ოპერამ და სიმფონიურმა მუსიკამ. დიდ თეატრში, რამდენიმე უღიმღამო წარმოდგენის შემდეგ, ბალეტი მოიხსნა რეპერტუარიდან და მხოლოდ 1895 წლის 15 იანვარს, პეტერბურგში, მარიას თეატრის სცენაზე აღორძინდა მარიუს პეტიპასა და ლევ ივანოვის გენიალური ქორეოგრაფიით. თუმცა ლევ ივანოვის „თეთრი გედების“ გენიალურმა სცენებმა პრემიერამდე იხილეს დღის სინათლე ჩაიკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. ბალეტში პირველი და მესამე მოქმედება პეტიპას ეკუთვნოდა, მეორე და მეოთხე კი – ივანოვს. მთავარ პარტიებს პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. სწორედ ეს დადგმა დაედო საფუძვლად „გედების ტბის“ ყველა შემდგომ ვერსიას. აქედანაა ცნობილი ივანოვის თეთრი გედის ვარიაციები და პეტიპას ცნობილი შავი პა დე დე. მთავარ პარტიებს პეტერბურგულ სპექტაკლში პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. ოდეტა – ოდილიას პარტიის პირველი შემსრულებელი იტალიელი ბალერინა პერინა ლენიანი ვირტუოზულ მოცეკვავედ იქნა მიჩნეული. სწორედ მან შეასრულა სცენაზე პირველად ცნობილი 32 ფუეტე, რომელსაც დღესაც აღფთოვანებაში მოჰყავს მაყურებელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment